ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულსა და მის თანამზრახველს თბილისის საქალაქო სასამართლომ 14-14 წლით თვისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
”საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს, მარიამ კ., საკუთარი ბაბუის განზრახ მოკვლისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, რომელიც მის საცხოვრებელ ბინაში ეგულებოდა, გიორგი გ.-სთან ერთად, ჯუმბერ კ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა. ბაბუასთან, რომელთანაც მარიამ კ. წლების მანძილზე არ ურთიერთობდა, ბრალდებული თავდაპირველად მარტო შევიდა, ხოლო მოგვიანებით გიორგი გ. ჩუმად შეაპარა და სამზარეულოში დამალა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მარიამ კ.-მ ბაბუა კორიდორში გამოიყვანა სასაუბროდ, რა დროსაც გიორგი გ.-მ თან ნაქონი დანით, ხოლო მარიამ კ.-მ სამზარეულოს დანით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც სახლში თანხა არ დახვდათ, გარდაცვლილის საფულიდან დაეუფლნენ 335 ლარს, სახლში გააჩინეს ხანძარი და დატოვეს შემთხვევის ადგილი. ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა ცეცხლის წაკიდებით უძრავი ქონების დაზიანება-განადგურების ნაწილში აღიარეს ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილში, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულების წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებების, სხვადასხვა საექსპერტო დასკვნების, ვიდეომასალის, ამოღებული ნივთმტკიცებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მარიამ კ.-ს და გიორგი გ.-ს მიერ, ჯგუფურად განზრახი მკვლელობის ჩადენა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურება, ხოლო ბრალდებულები განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ნაწილში გაამართლა”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.