ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული ონლაინსესხით მკურნალობს

მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად, ერთ-ერთი დაშავებული ნაოპერაციებ ფეხს ონლაინსესხით მკურნალობს. ინფორმაციას „ჯი-ეიჩ-ენი“ ავრცელებს.

დაშავებული დიმიტრი ფაილოძე ამბობს, რომ მედიკამენტები სწრაფი სესხის საშუალებით შეიძინა.

„მარცხენა ფეხზე ორივე წვივი მაქვს მოტეხილი.  ოპერაცია იმავე დღეს გამიკეთეს. 10 დღის სამყოფ წამლებში 300 ლარი გადავიხადე. რა თქმა უნდა, მედიკამენტები ჩემი ფულით შევიძინე. უფრო სწორად, ეს ფული არც მქონდა, ჩემმა ძმამ სწრაფი სესხი გააკეთა და ისე ვიყიდე წამლები, აბა რა უნდა მექნა?! ტკივილები მაწუხებს, გამაყუჩებელსა და თრომბის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვიკეთებ“, – აცხადებს ფაილოძე.

ფაილოძის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მას 6 თვის შემდეგ, ხელახალი ოპერაცია აქვს გასაკეთებელი.

„სპეციალური ჩასაცმელი მჭირდება, რომელსაც დამატებით ფული სჭირდება, ძაფები ამოსაღებია, 2 თვეში რენტგენი მექნება გადასაღები და 6 თვეში ხელახალი ოპერაცია მესაჭიროება, რადგან ფეხზე რკინის ფირფიტები მაქვს ჩადგმული. ექთანს თითო გადახვევაში 30 ლარს ვაძლევ“, – აცხადებს დაზარალებული.

მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული დიმიტრი ფაილოძე სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალია,  თუმცა იგი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობას ვერ შეძლებს.

„ოფიციალური სამსახური არ მქონია, მაგრამ დღიურ სამუშაოზე 20-30 ლარს ვშოულობდი და ავადმყოფ ბებიას ვუვლიდი. სახლში ბებიასთან ერთად ვცხოვრობ, ინსულტი გადაიტანა, სიმსივნის გამო მკერდი მოკვეთეს და ასეთი ქალი უპატრონოდ დამრჩა. მე კი, ჩემი მდგომარეობის გამო მინიმუმ, 6 თვე მუშაობას ვერ შევძლებ“, – აცხადებს ფაილოძე.

დაშავებულის ინფორმაციით მას არც მერიიდან და არც ჯანდაცვის სამინისტროდან არავინ დაკავშირებია.

„დღეს ჩემი ძმა სამგორის გამგეობაში დაიბარეს, რამდენად დამეხმარებიან, არ ვიცი.  ვითხოვ კომპენსაციას, რადგან როგორც აღვნიშნე, მინიმუმ, 6 თვის განმავლობაში მუშაობას ვერ შევძლებ“, – დასძენს ფაილოძე.

ცნობისთვის, 30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....