საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქცია “არა ჩადებას” შეუერთდა. #არაჩადებას სამინისტრომ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
დღეს, ქუთაისში ამ თემატიკაზე აქცია გაიმართა, სადაც კედლებზე გაჩნდა წარწერები „არა ჩადებას“. აქციის ორგანიზატორები პოლიციელების მიერ მოქალაქეებისთვის ნარკოტიკების ჩადებას აპროტესტებენ.
“პოლიცია ხშირად მიმართავს „ჩადების“ ძველ პრაქტიკას, რასაც უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდის დაკავება მოჰყვება ხოლმე. ეს გამაფრთხილებელი აქციაა და მსგავსი შინაარსის პლაკატებით ქუჩაშიც გამოვალთ“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჟურნალისტებთან.
როგორც იცით, რამდენიმე მოქალაქე პოლიციელებს ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს. მათ შორის არის მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა), რომელსაც სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა, თუმცა “ბახალა” ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს.
მისი თქმით, ჩადების მსხვერპლია გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძეც, რომელიც საქალაქო სასამართლომ გაამართლა და ის პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, სადაც ახლა პროცესები მიმდინარეობს.
რეპ-ჯგუფ “ბირჟა მაფიას” წევრები ასევე ადანაშაულებენ სამართალდამცველებს ნარკოტიკის ჩადებაში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქცია თბილისში გაიმართა. ჯგუფის წევრებს მხარი ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმაც დაუჭირა. მოგვიანებით პატიმრობაში მყოფი ჯგუფის ორივე წევრი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.