ქალაქის მერი კახი კალაძე ტაქსების აღრიცხვასა და შემდეგ მათ ლიცენზირებასთან დაკავშირებით მძღოლების უკმაყოფილებას ეხმაურება. კალაძე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ამ კუთხით სიტუაცია საკმაოდ სავალალოა და გაუგებარია მათი პოზიცია. კალაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც რეგულაციების შემოღება გახდა საჭირო და მიაჩნია, რომ ის საზოგადოების მოთხოვნებს პასუხობს.
“ქალაქის განვითარება და წინსვლა აუცილებელია, ამიტომაც ამას ხელს ვერავინ შეუშლის. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. მათ ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი უნდათ, სადაც ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ტაქსების რეგულირებით ვერ მოხერხდება, მაგრამ ესეც ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომლის დარეგულირებაც საჭიროა.
ამ კუთხით მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით წინასაარჩევნოდ. დღეს უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. იმ ტაქსისტის შვილებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, ჩვენი შვილებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და ის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ, წარმოუდგენელია. ასე გაგრძელება და ამ ქალაქში ცხოვრება შეუძლებელია. ამ ყველაფრის მოწესრიგება უნდა მოხდეს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.