აუდიტის სამსახური საზოგადოებრივ მაუწყებელში საფინანსო დარღვევებზე დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი ყოფილი წევრი, ლელა გაფრინდაშვილი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 5 თვის განმავლობაში ხელფასს მაინც იღებდა.
ლელა გაფრინდაშვილის საქმე უკვე პროკურატურაშია. სახელმწიფო აუდიტორები აცხადებენ, რომ 12 ათას 800 ლარი მან ბიუჯეტს უნდა დაუბრუნოს. გაფრინდაშვილმა მაუწყებლის ბორდში საქმიანობა 2016 წლის აპრილში დაასრულა.
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შეცდომას ადასტურებენ. სამეურვეო საბჭოს წევრები მომხდარის გამო პასუხისმგებლობას არხის მენეჯმენტს და ბუღალტერის შეცდომას უკავშირებენ.
ინფორმაციას, მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრისთვის ჰონორარის გადახდასთან დაკავშირებით, „საიას“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე ადასტურებს. ის ბორდის ასევე ყოფილი წევრია და იხსენებს, რომ ამ ფაქტის შესახებ მსჯელობა სამეურვეო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზეც იყო.
პროკურატურაში არ განმარტავენ, დაიწყეს თუ არა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გამოძიება.