ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაქარია ქუცნაშვილი: „სასამართლოები უუნაროები არიან, რათა ადამიანის ღირსება დაიცვან“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „მეტრონომთან“მოზარდებში დანაშაულის ზრდის ტენდენციაზე საუბრისას აცხადებს, რომ დანაშაულის ზრდა, ძირითადად, სიძულვილის ენის გაძლიერებითა და სოციალური უთანასწორობით არის განპირობებული.

„სამწუხაროდ, ძალადობრივი გარემო საზოგადოების ყველა ჯგუფზე ახდენს გავლენას. ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური ჯგუფი ახალგაზრდობაა. ძალადობრივი გარემოში ვგულისხმობ გამოხატვის სფეროში ძალადობას, სიძულვილის ენას, „ფეისბუქს“, რომელიც ფეხბურთის სტადიონის ტრიბუნებად იქცა. „ფეისბუქში“  ადამიანები ერთმანეთს ისე ლანძღავენ, როგორც ეს ფეხბურთის სტადიონის ტრიბუნაზე ხდება. ამ ყველაფერმა და საზოგადოებაში არსებულმა სიძულვილმა ენამ, სოციალურ უთანასწორობასთან ერთად, დამატებითი როლი შეასრულა დანაშაულის გამოსაკვებად. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ძაღლის უფლებებიდან დაწყებული გადამფრენი ფრინველებით დამთავრებული ყველას ვიცავთ, მაგრამ ვერ ვიცავთ მთავარს – ადამიანის ღირსებას. სასამართლეები უუნაროები არიან შეასრულონ ეფექტური როლი ადამიანის ღირსების დასაცავად. ადამიანის ღირსება ამ სიძულვილითა და უხამსი განცხადებებითაა შელახული. ამას ემატება სოციალური უთანასწორობა და ეს ორი რამ კვებავს დანაშაულს. ყველაზე მეტად კი ამას ახალგაზრდობა იტაცებს.

მე პირადად, ბავშვთა დანაშაულის კუთხით არ ვმუშაობ, მაგრამ ის, რომ ოპოზიცია პრევენციაზე საუბრობს, ეს არის სადღეგრძელო. პრევენცია ნიშნავს, რაღაც წინსწრებითი ღონნისძიების გატარებას. დაასახელონ რა ღონისძიებებია გასატარებელი. ქართული ეკონომიკის გაძლიერების გარეშე სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა შეუძლებელია. სიძულვილის ენასთან დაკავშირებით კი ჩვენ რამოდენიმე არასამთავრობოსთან ვთანამშრომლობთ. ეს არის „კავშირი 21 საუკუნე“, რომელმაც უკვე გამოსცა სახელმძღვანელო და ძალიან საინტერესო ანალიზი გააკეთა ევროპულ და ამერიკულ კანონმდებლობასთან მიმართებაში. ამერიკული კანონით გამოხატვის თავისუფლება დაცულია – გინდა გაგინონ, გინდა უხამსად შეგეხმიანონ.. ევროპული კანონმდებლობა კი გინებასა და უხამსობას მსუბუქ დანაშაულად მიიჩნევს. ჩვენ ამერიკულ სისტემაზე გადავედით, როდესაც ქვეყანა 15 წელია გამოხატვის თავისუფლების ეგიდით, აღარ იცავს ადამიანის ღირსებას. ადამიანი ღირსების გარეშე დავტოვეთ და ამის გარეშე ადამიანი ცხოველია – კლავს, ჭრის და ხულიგნობს. ეს არის მთავარი მიზეზი“, – აცხადებს ქუცნაშვილი.

იტვირთბა....