საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური მოღვაწეობის შეზღუდვა უწოდა და უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი მიტინგები დააანონსა.
„რაც სასამართლომ დღეს გააკეთა, ეს პირდაპირი მცდელობაა, შეზღუდონ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა. მათ არც ერთი მცდელობა, რომ შეზღუდონ ჩემი გადაადგილება, ურთიერთობა ადამიანებთან, ჩამკეტონ სახლში, არ გამოუვათ… უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ მარშებს იმპიჩმენტის მოთხოვნით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი პოროშენკოს თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით სხვა პოლიტიკურ ძალებთან და გაერთიანებებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე მას სახლიდან გამოსვლა ეკრძალება. მოსამართლის გადაწყვეტილებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ყოფილი გუბერნატორის პროტესტი მოჰყვა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება.