რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის „კომერსანტთან“ინტერვიუს, საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე „მეტრონომთან“ აფასებს. აბაშიძის თქმით, თუ რუსეთს საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგი სურს, ჩვენი ქვეყენა მზად არის.
თუმცა, არსებულ ვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხდება და არც საქართველოს აქვს იმის ილუზია, რომ კრემლი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებას უკან წაიღებს. მიუხედევად ამისა, აბაშიძეს აუცილებლად მიაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს დიალოგი ფორმატებში კვლავ გაგრძელდეს.
„მეტრონომი“: კარასინის განცხადებით, საქართველოს ტყულიად ჰქგონია, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება გაუქმდება. როგორ შეაფასებთ მის განცხადებას?
ზურა აბაშიძე: თუ რუსეთს საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგი სურს, ჩვენ მზად ვართ. თუმცა ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპების ხელყოფას არ შევეგუებით. არსებულ ვითარებაში ვერც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოხდება. მათ კარგად იციან, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს.
-კარასინი ამბობს, რომ ეს გაფრთხილება საქართველომ თავიდანვე მიიღო. რას გულისხმობს და როგორ ფიქრობთ, ამ განცხადებების შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიალოგი რა მიმართულებით უნდა განაგრძოს?
-ჩვენ რუსულ მხარეს სასიამოვნო სალონური საუბრებისთვის არ ვხვდებით. ეს არის რთული დიალოგი, როგორც პრაღაში, ასევე ჟენევაში. რუსულ მხარესთან დიალოგი რთულია, მაგრამ ნატოს გენერალური მდივნის სიტყვებს გამოვიყენებ, რომ სწორედ ამიტომ არის რუსეთთან დიალოგი საჭირო.
პრაღაში ჩვენ გვაქვს პრაქტიკული დღის წესრიგი. იქ ფოკუსირებული ვართ სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებზე, ბიზნესთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ტურიზმის საკითხებზე, ასევე, ჰუმანიტარული თემები. ამ სფეროში ბოლო წლების მანძილზე, რაც ჩვენ დიალოგი დავიწყეთ, გარკვეული წინსვლაა.
მხედველობაში მაქვს ის, რომ აღსდგა ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზე. ამ წლებში მილიარდზე მეტი ქართული პროდუქცია გავიტანეთ. აღსდგა სატრანსპორტო კომუნიკაციები, როგორც სანტრასპორტო, ასევე სახმელეთო ტვითბრუნვა. გაიზარდა მგზავთა გადაყვანა, რამაც ხელი ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყო.
რუსეთიდან საქართველოში გასულ წელს, მილიონ სამასი ათასი ტურისტი შემოვიდა. ეს კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ სასურველი შედეგია. ჩვენ პრაღის ფორმატში, ჰუმანიტარული პრობლემებიც მოვაგვარეთ. ე.წ. ჯაშუშების თემასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი ნაბიჯების გადადგმა მოხდა. ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება შევძელით, რომლებიც წლებია სასჯელს იხდიან. მოლაპარაკებების შედეგად 8 ჩვენი თანამოქალაქე გავათავისუფლეთ.
-კარასინი ასევე ამბობს, რომ რუსეთი ურთიერთობის ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც თბილისი ამისთვის მზად იქნება. მზადყოფნა საქართველომ როგორ უნდა გამოხატოს და რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს?
-2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური ურთიერთობები ჩიხში შევიდა. გაწყდა დიპლომატიური კავშირი. რუსეთი არ აპირებს თავისი გადაწყვეტილებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში უკან წაიღოს.
ჩვენ კი ამას ვერასდროს შევეგუებით. ეს არის ის მოჯადოებული წრე, საიდანაც გამოსავალი ჯერ არ ჩანს. არც რუსეთი აპირებს იქ კომპრომისული ნაბიჯის გადადგმას და რა თქმა უნდა, საქართველოც როგორც აღვნიშნე ე.წ. ახალ რეალობას ვერასდროს შეეგუება.
ასე რომ, ჩვენ ამ თემებზე დიალოგს ვაგრძელებთ. უპირველეს ყოვლისა ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ასევე, რა თქმა უნდა, რომ დასავლელ მეგობრებთან ინტენსიური კავშირი გვაქვს, რომლებიც ამ დიალოგს ცალსახად მხარს უჭერენ და გვეუბნებიან, რომ რთულია მოლაპარაკებები, მაგრამ აუცილებელი და საჭიროა. ვდგამთ ნაბიჯებს იმ სფეროებში, სადაც შეხების ინტერესები საერთო გვაქვს.
-კარასინმა ასევე, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო, შემოღებაზე ისაუბრა. მან ამის წინაპირობად საქართველოს და რუსეთის უშიშროების საკითხებში თანამშრომლობა დაასახელა. ახსენა ტერორიზმის საფრთხეები, რომელიც საქართველოდან მოდის და ახმეტ ჩატაევის ლიკვიდაციასაც შეეხო. როგორ ფიქრობთ, სჭირდება ჩვენს ქვეყანას რუსეთთან ასეთი თანამშრომლობა და პერიოდულად ამ თემის გააქტიურებას რატომ იწყებენ?
-საქმე ის გახლავთ,რომ ვიზებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ინტერესებში შედიოდა, რუსეთთან მიმართებაში ქმედითი ნაბიჯებია გადადგმული. რუსეთის მოქალაქეებს საერთოდ სავიზო მოთხოვნები გავუუქმეთ, რამაც საქართველოში ტურისტების ნაკადის ზრდას გარკვეული დოზით ხელი შეუწყო. საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული, რაც ჩვენთვის დიდად მნიშვნელოვანია და ამ კუთხით ყველამ კარგად იცის, რომ პრობლემები არ გვაქვს.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს რუსეთის პრეროგატივაა. მათი გადასაწყვეტია. 2016 წელს მათ საქართველოსთვის სავიზო მოთხოვნები შეასუსტეს. თუმცა, რუსული ვიზის აღება მაინც პრობლემებთან არის დაკავშირებული. თუ რუსეთის დაინტერსება იქნება, რომ კიდევ უფრო გაამარტივოს ან საერთოდ მოხსნას სავიზო რეჟიმი კი, ბატონო, ჩვენ წინააღმდეგები რატომ უნდა ვიყოთ.
-თქვენი და კარასინის შეხვედრა 31 იანვარს არის დაგეგმილი. რა თემების განხილვა იგეგმება?
-შევაჯამებთ გასული წლის შედეგებს და ამ წლის სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ. საქართველოში ჩვენს ბევრ კომპანიას რუსეთთან კავშირი აქვს, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროება და ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ.
ავტორი: ელზა პაპოშვილი