ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლევან იზორია: „აქტიური რეზერვის სამსახური უკვე წელს, საპილოტე პროექტის სახით ამოქმედდება“

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეფასებით, რეზერვის რეფორმა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის კონცეფცია განხორციელდეს.

„ჩვენი ინიციატივის მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში გვექნება, ერთი მხრივ, აქტიური რეზერვი და მეორე მხრივ, სამობილიზაციო რეზერვი. აქტიური რეზერვის ფარგლებში შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული და სპეციალისტთა რეზერვი. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ეს იქნება ნებაყოფლობით, დაფინანსების პირობებით, რაც ემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებას და მაქსიმალურ მხარდაჭერას. რაც შეეხება სამობილიზაციო რეზერვს, ეს უკვე იქნება ყველა იმ მოქალაქის ვალდებულება, რომელიც გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. იმისთვის, რომ პროცესი იყოს თანმიმდევრული და ეფექტიანი, ჩვენ დღეიდან დავიწყებთ მართვის ელექტრონული სისტემის შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავს როგორც სამობილიზაციო რეზერვის სუბიექტთა წრეს, ისე მათი აღრიცხვის, გაწვევის, მომზადების პროცედურებს. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში განვახორციელოთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტია საზოგადოების ფართო ჩართულობა ქვეყნის თავდაცვის საქმეში“, – განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, რეზერვის გამოყენების 3 საფუძველი და შესაბამისად, ამაზე პასუხისმგებელი სამი სუბიექტი განისაზღვრება: საომარი მდგომარეობის დროს სამობილიზაციო რეზერვში მოქალაქეების გაწვევაზე უფლებამოსილი იქნება პრეზიდენტი; საგანგებო მდგომარეობის დროს რეზერვში მოქალაქეთა გაწვევის უფლებამოსილება ექნება მთავრობას; ხოლო რეზერვისტთა მომზადების დონის შეფასებისთვის და წელიწადში 45-დღიან მომზადებაზე გადაწყვეტილებას თავდაცვის მინისტრი მიიღებს.
„ჩვენ ამისთვის უკვე გვაქვს თავდაცვის ბიუჯეტში თანხები გამოყოფილი. ასევე, თანხები გამოიყო იმ მართვის ელექტრონული სისტემის შესაქმნელად, რომელიც ითვალისწინებს სამობილიზაციო რეზერვის მართვის პროცესის ჩამოყალიბებას. ასე რომ ჩვენ მომავალ წელს და შემდეგ წლებშიც გამოვყოფთ თანხებს იმისთვის, რომ ამან უფრო მეტი მასშტაბი მიიღოს. მზად ვართ იმისთვის, რომ უკვე წელს აქტიური რეზერვი საპილოტე პროექტის სახით ავამოქმედოთ. პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიიღება. მომავალს წელს მზარდ ტენდენციას ველით. ბუნებრივია, ეს დამოკიდებული იქნება საბიუჯეტო შესაძლებლობებზეც“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.

იტვირთბა....