ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზურაბიშვილი: “ვინც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას ებრძვის, რეალურად, ის ებრძვის დროს”

“ვინც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას ებრძვის, რეალურად, ის ებრძვის დროს. ის დრო, მკაცრი ნარკოპოლიტიკის, წარსულია. ამ ქვეყანაში ახალი თაობა მოვა და მაინც შეიცვლება, ადრე თუ გვიან. უბრალოდ, აქ არის საკითხი, – გვინდა ვიყოთ დროის ადეკვატური თუ ჩარჩენილი პოსტსაბჭოურ ეპოქაში. ეს არჩევანია,- გვინდა პროგრესი თუ რეგრესი”- ამის შესახებ “მეტრონომს” “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით ზურაბიშვილმა განუცხადა.

მან ისაუბრა დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილი არსებული ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე. როგორც ზურაბიშვილი მიიჩნევს, არსებული ნარკოპოლიტიკა რომ ძალიან მკაცრი, არაადამიანურია და ეწინააღმდეგება ცივილიზებულ სამყაროში მიმდინარე ტენდენციებს, ეს ყველამ ვიცით.

“ასეთ აქციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საზოგადოების პროტესტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, რასაც ხელისუფლება უსმენს. საერთოდ, ყველა ხელისუფლება ან უსმენს ან არ უსმენს, და ვინც არ უსმენს, ის ამას შემდეგ ძალიან ნანობს, თუმცა უკვე გვიან არის ხოლმე. ასეთ აქციებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. განსაკუთრებით, აქტუალურია ახალგაზრდა თაობაში, რომლისთვისაც ეს ადამიანის სირთულეების შემადგენელი ნაწილია. ის, რომ მოხმარებაზე არ შეიძლება ადამიანი იჯდეს ციხეში, მათთვის ძალიან დიდი უსამართლობაა და სრულიად სამართლიანადაც.

საბჭოთა კავშირში გაზრდილი ბევრია და მისთვის სახელმწიფო იმისთვის არის, რომ ვინც არ მოსწონს, დასაჯოს და ციხეში ჩასვას. ნარკომანის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, – ასეთი ფსიქიკის ადამიანი ვინც არის, მისთვის რთული ასახსნელია.
თუ ჩვენ შევხედავთ ისტორიას, ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზება საკმაოდ გვიან შემოვიდა, ევროპაშიც და საბჭოთა კავშირშიც კი. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ნარკომანობა არ ისჯებოდა ციხით. შემდგომში გამკაცრდა, დაინახეს რომ ეს არ შველის საკითხს, ნარკოტიკის მოხმარების ტენდენცია არ წყდება, ადამიანის უფლებები ირღვევა უხეშად, ამას ძალოვანი სტრუქტურები იყენებენ ძალიან ხშირად იმისთვის, რომ ვიღაცაზე ზემოქმედება მოახდინონ, ჩაუდონ ნარკოტიკები, დააშანტაჯონ ისინი და გაიხადონ ინფორმატორებად. ამაზე უარი ითქვა. რეალურად, მთელ მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა, ზოგან საკანონმდებლო დონეზე, ზოგან ასეთი პრაქტიკაა. მოხმარებას უყურებენ შედარებით უფრო მსუბუქად”- აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა “მეტრონომთან”.

დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე “ბახალას” სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, მაას ნარკოტიკული საშუალების „ბუპრენორფინის“ შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი აღმოუჩინეს. გიორგანაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა და პოლიციელებმა ჩაუდეს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....