ახალი ამბები მედია მთავარი

“შეგიძლიათ, გამლანძღოთ, რაც გინდათ დამაბრალოთ, არაუშავს…”: აკაკი გოგიჩაიშვილი კიდევ ერთ კომენტარს ავრცელებს

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი “რუსთავი 2”-დან წამოსვლის შემდეგ მეორე განცხადებას ავრცელებს:

“მიხარია, რომ ჩემმა მოკრძალებულმა მოსაზრებამ რუსთავი 2-ში არსებული ვითარების შესახებ ასეთი გამოძახილი გამოიწვია; სიმართლე ვთქვა, არ ვგეგმავდი საჯაროდ საუბარს და თავიდან რუსთავი2-ის შიდა ჯგუფში დავწერე, თუმცა ორიოდე წუთში გაქრა და ავდექი და საკუთარ გვერდზე დავპოსტე… და ძალიანაც კარგი, – პრობლემამ დისკუსია გამოიწვია, ხოლო ამის გარეშე ის არასდროს მოგვარდება. მიხარია, რომ არავინ აღმოჩნდა იმდენად ბრმა ეთქვა, ტყუილიაო – უბრალოდ რატომ თქვი, ხმაურით წახვედიო…

ჯერ ერთი, მე არ ვთვლი, რომ წავედი, ასე 3-ჯერ მაინც ვარ წასული რუსთავი 2-დან და ყოველთვის სარედაქციო თავისუფლების შეზღუდვის გამო და სამჯერვე დავბრუნდი.

ერთხელ ეს 1997-ში იყო, „კურიერიდან“ წავედი იმიტომ, რომ ნიკა ტაბატაძესთან ვერ შევთანხმდით ერთი კონკრეტული თემის გაშუქებაზე. ოღონდაც, ნიკა ძალიან კარგი მენეჯერი იყო და ეროსიც და დვალიც და არც მეგობრებიდან ამოვუშლივარ (მართალია ფეისბუქი მაშინ არ იყო) და არც ფული გაქვს აღებულიო დაუბრალებია – პირიქით, დავსხედით და გადავწყვიტეთ მოეცათ შანსი გამეკეთებინა „60 წუთი“.

მეორედ კინაღამ წავედი 2001-ში, როდესაც ეროსიმ (თავისი წარსული სამედიცინო კავშირების გამო) ჯანდაცვის სამინისტროს შესახებ გამოძიება არ გაგვაშვებინა (ავტორი ლიკა ბასილაია) – ავდექით და ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას ვაცნობეთ ამის შესახებ და მხარდაჭერა ვთხოვეთ… ეროსი და დვალიც ძალიან კარგი მენეჯერები იყვნენ – არც საყვედური უთქვამთ და გადაცემაც გაგვაშვებინეს.

მესამედ 2003-ში წავედი, მას შემდეგ რაც 60 წუთი გააჩერეს და სიტუაციამაც არხზე პარტიული ელფერი მიიღო. 2 წლით დავტოვე საქართველო და რომ დავბრუნდი „რუსთავი2“-ზე არ მივსულვარ, სხვა არხებზე მოვსინჯე და ყველგან არცთუ უკეთესი სიტუაცია რომ ვნახე, ისევ ნიკა ტაბატაძესთან მუშაობა ვარჩიე, ოღონდ ბიზნეს-გადაცემა ავირჩიე, რომ სასარგებლო საქმე მეკეთებინა. არხის მომდევნო ადმინისტრაციების პირობებშიც გადაცემაც შევინარჩუნეთ და სარედაქციო ხელშეუხებლობაც, ადვილი არ იყო ყოველ ნაბიჯზე ბრძოლა იყო საჭირო რამე კრიტიკული რომ გეჩვენებინა, მაგრამ თუ ვინმე ახერხებდა მედია სივრცეში ამას, მათ შორის ჩვენი ჯგუფიც იყო და ამის გამო არხზე მასონებს გვეძახდნენ – თამუნა დემეტრაშვილი, მაია ბიწაძე, მეგი კავთუაშვილი, კახა ნოზაძე, ნონა ქვლივიძე, ნინო ხაჟომია, თემურ დიდბერაშვილი, დიმა კოსტავა, ირაკლი ფოცხიშვილი – არ მომატყუებინებენ.

ნიკა გვარამიას მოსვლა არხზე ფანჯრის გაღებასავით იყო, თითქოს სუფთა ჰაერი შემოვიდა, სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა და ბრძოლის ჟინი გაჩნდა, მერე რა, თუ ამას ხელს ის უწყობდა, რომ ხელისუფლების კრიტიკა მის პოლიტიკურ გემოვნებას ესადაგებოდა, არხი მაინც იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო და პროფესიულად გამართული და არცერთი პარტიული ჯგუფისა თუ თემის გაშლა და ანალიზი პრობლემა არ იყო. ოღონდ აი, მეორე წელია ფანჯარა დაიხურა, დაიგმანა – იმედია, დროებით, თუმცა სანამ ასეა, მე ვერ გავჩერდები რაც არ უნდა სასათბურე პირობები მქონდეს – ყველაზე მაღალი ხელფასი პს-ში და არანაირი პასუხისმგებლობა – არ მინდა ჯერ პენსიაზე გასვლა.

„იბერიაზე“ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყო, (ფულს რაც შეეხება) გაცილებით ნაკლები ხელფასითა და გაცილებით მძიმე შრომით, ვისაც აინტერესებს ჩემს ხელშეკრულებასაც გაჩვენებთ, „რუსთავი 2“-გან განსხვავებით, გასაიდუმლოება არავის მოუთხოვია და ფანჯრებიც ღიაა აქ, მე ასე ვხედავ და ასე მჯერა. არასდროს მიღალატია პრინციპებისთვის, როგორც მე მათ ვხედავ და არც მომავალში ვაპირებს ამას.

შეგიძლიათ, გამლანძღოთ, რაც გინდათ დამაბრალოთ, არაუშავს, მთავარია თავად პრობლემაზე ისაუბროთ, და ის ჩემში არ არის. რუსთავი 2 ჩემთვის მთელი ცხოვრებაა და მართალია რუსთავი 2 ჩემი არ არის, მაგრამ ის მისი მაყურებლის ნამდვილად არის, ის კი სიმართლეს იმსახურებს და სრულ გულახდილობას”.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილმა დატოვა “რუსთავი 2”, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

იტვირთბა....