ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაქარია ქუცნაშვილი: „რესტორან „ერწოს იდილიაში“, სამწუხაროდ, წილი არ მაქვს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რესტორანი „ერწოს იდიალია“ მისი არაა და არც აქვს მასში რაიმე სახის წილი.

„რესტორანი „ერწოს იდილია“ ჩემი არ არის და ის სამი პირისგან შემდგარ ამხანაგობას ეკუთვნის, რომლის წევრიც, სამწუხაროდ, მე არ ვარ. რესტორანში წილიც რომ მქონდეს, ეს კანონის დარღვევა არ არის.

რაც შეეხება რესტორნის ხარჯებს, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეგ ღონისძიება ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით იქნა ჩატარებული, სადაც მხარეები იყვნენ თიანეთის მუნიციპალიტეტი და თავად NDI. საუბარი იყო საქართველოს ევროპული ორიენტაციის უპირატესობებზე და სწორედ მათ მოიწვიეს პარლამენტის კომიტეტის წევრები. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩაატარა ანალოგიური ღონისძიებები. სავარაუდოდ, ამის გამო დაფინანსდა ღონისძიება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. როდესაც წარმომადგენლობით ხარჯებზეა საუბარი, ეს უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ღონისძიება და სწორედ ასეთი ორგანიზაციაა NDI“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „რეგინფოს“ ინფორმაციით, ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ რესტორან „ერწოს იდილიაში“ თიანეთის გამგეობამ თავად ქუცნაშვილისა და სამი სხვა პარლამენტარის ქეიფის ხარჯები დაფარა, რამაც ჯამში 459 ლარი შეადგინა. სააგენტო „რეგინფოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად, თიანეთში იმყოფებოდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, მისი მოადგილეები ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენელი თეონა ყუფუნია.

გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 12 აგვისტოს თიანეთის გამგეობის წარმომადგენლებმა იმავე რესტორანში უმასპინძლეს სახალხო დღესასწაულ „თიანეთობაზე“ ჩასულ სტუმრებსაც, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 8205 ლარი დაუჯდა.

იმავე წლის 22 ივლისს, სოფელ ზარიძეებში ზურაბ იარაჯულის სახელობის სკვერის გახსნაზე ჩასული სტუმრების კვებით მომსახურება ასევე ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ რესტორანში განხორციელდა, რაშიც თიანეთის გამგეობამ 2275 ლარი გადაიხადა.

რესტორანი „ერწოს იდილია“ 2013 წლის ნოემბრიდან 3 ფიზიკური პირის მიერ შექმნილი ამხანაგობის საკუთრებაა. მასში 70 % წილს ზაქარია ქუცნაშვილი ფლობს, დანარჩენი 30 % კი რევაზ ბოდაველისა და ელგუჯა ჩოლოგაურის მფლობელობაშია.

 

იტვირთბა....