ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე უვიზო მიმოსვლაზე: „საქართველოში არის გაჭირვება და ამას ერთად უნდა ვებრძოლოთ“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შესაძლო შენიშვნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა თავშესაფრის მოთხოვნისთვის შესაძლებლობა არ არის და თუ ამას ამ კუთხით გამოვიყენებთ, შეიძლება, ქვეყანამ სანქციებიც მიიღოს.

როგორც „მეტრონომს“ ფოფხაძემ განუცხადა: „ქვეყანაში არის გაჭირვება და ამას ერთად უნდა ვებრძოლოთ“.

„თავშესაფარი გაძლევს საშუალებას გარკვეული სოციალური დახმარებისა და მატერიალური სარგებლის მიღების. იმ ადამიანს არ სურს უკან დაბრუნება. საუბარი არის იმაზე, რომ ვისაც საქართველოში სოციალური პრობლემების გამო სურს უცხოეთში მუშაობა, მათთვის მხოლოდ უვიზო მიმოსვლა საკმარისი არ არის. შენ გაქვს კანონით იმის საშუალება, რომ წახვიდე და უვიზო მიმოსვლით ისარგებლო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ბინადრობის ნებართვას მიიღებ. საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რომ ევროპამ ჩვენს მოქალაქეს თავშესაფარი მისცეს – აქ არც საომარი მოქმედებებია და არც ადამიანების უფლებები ირღვევა.

ზოგადად, ის, რომ ქვეყანაში არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა და სოციალური თვალსაზრისით, გერმანიაში ცხოვრებაში ცხოვრებას საქართველოში ცხოვრება ჯობს, ამას არავინ ამბობს. ქართველები ვართ, სხვაგან შეიძლება უკეთესი ცხოვრებაა, მაგრამ მე ჩემი სამშობლო მირჩევნია. თუ ვიღაცა მარტო სოციალური თვალსაზრისით ირჩევს საცხოვრებელს, ბუნებრივია, მისთვის ამერიკა და გერმანია უკეთესი ქვეყნებია. მე არ მახსოვს დრო, რომელზეც ვიტყვი, რომ კარგ ცხოვრებაში ვცხოვრობდი. ამ ქვეყანაში არის გაჭირვება და ამას ერთად უნდა ვებრძოლოთ. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სოციალური პრობლემებისგან თავის დასაღწევად უცხო ქვეყანაშ მიდიან. თუმცა, უვიზო მიმოსვლა თავშესაფრის მოთხოვნისთვის შესაძლებლობა არ არის და თუ ამას ამ კუთხით გამოვიყენებთ, შეიძლება, ქვეყანამ სანქციებიც მიიღოს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის განცხადებით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ ამას ევროკომისიის ანგარიშში  ამ ფაქტს განსაკუთრებული არაფერია ნათქვამი.

როგორც საბანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა,  მნიშვნელოვანია საქართველომ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება განაგრძოს.

„თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, როგორც ჩანს, ზოგიერთ ქვეყანაში გაზრდილია – არის ასეთი ტენდენცია. თუმცა ეს არ არის ისეთი ტენდენცია, რომელმაც გამოიწვია საგანგაშო რეაქცია. კომისიას ჩვენთვის არ მოუმართავს.“, – განაცხადა საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გასული წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაწესებული უვიზო მიმოსვლის შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დარჩენისა და შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლები სტაბილურად შენარჩუნებულია.

 

იტვირთბა....