ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახეთის გუბერნატორის მუქარას პანკისელების მიმართ ოპოზიცია ეხმაურება

კახეთის გუბერნატორის მუქარას პანკისელების მიმართ ოპოზიცია ეხმაურება.

„ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიონ რეალურად ტერორისტები თუ იყვნენ, როგორ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ გადაადგილდებოდნენ, რატომ იყვნენ ასე შეუფერხებლად აქ, ნაცვლად ამისა ხელისუფლების მხრიდან აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ხდება ზეწოლა, მუქარა, მათზე ხორციელდება ტერორი და გამოძიება არ მიმდინარეობს. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ ხელისუფლება მოქმედებს ძალიან არათანმიმდევრულად,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნინო კალანდაძემ.

ევროპულ საქართველოში კი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არ იცის, როგორ ელაპარაკოს თავის თანამოქალაქეებს პანკისის ხეობაში.

„მათ, უბრალოდ, არ ესმით, რომ ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის პანკისის ხეობაშიც, აქვთ უფლება, მწვავე კითხვები დაუსვან ამ ხელისუფლებას. მით უმეტეს კითხვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი ხელისუფლებას ჯერ არა აქვს. ასეთი მიმართება და ასეთი საუბარი არის, რა საკვირველია, პრობლემატური და საფრთხის შემცველი,“ -განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ დაძაბავენ პანკისში სიტუაციას შეუსაბამო გამონათქვამებით.

„მთელი ამ წლების განმავლობაში პანკისის ხეობაში სიტუაციის დაძაბვა სურდა გარკვეულ ძალებს. ეს გარკვეული ძალები არის რუსეთის სპეცსამსახურები. რუსეთის სპეცსამსახურები აგრძელებენ მუშაობას ამ ხეობის მიმართულებით და ზოგიერთი, თავისი უვიცი გამოხტომებით და გამონათქვამებით, ძაბავს სიტუაციას,“ – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის ეთერში გასულ რეპორტაჟში მუსა პანკისელი ამტკიცებდა, რომ ხეობაში ჩასული კახეთის გუბერნატორი პანკისელ სალაფიტებს დაემუქრა და უთხრა, რომ მადლობა უნდა თქვან იმის გამო, რომ მათ არ კლავენ ისე, როგორც ჩეჩნეთში.

იტვირთბა....