გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას და სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, თბილისიდან ჩასული სამართალდამცავები ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ჭანტურიას ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას ზეწოლით აიძულებდნენ.
მარიამ ჭანტურია აცხაებს, რომ დაკითხვისას მისი ძმა შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
„აიძულებდნენ, რომ ეს მკვლელობა თავის თავზე აეღო და შესაბამისად, სასწრაფოც მოვიდა იმ დროს, იმიტომ რომ ჩემი ძმა ცუდად გახდა, დაფიქსირებულია ეს ყველაფერი ოფიციალურად,“ – განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.
გიორგი ჭანტურია პოლიციამ გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხა, მოგვიანებით კი ბრალი არა მკვლელობის, არამედ საბრძოლო მასალების შეძენა-შენახვის მუხლით წაუყენა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა ნახა.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარაუდოდ მაყუჩიანი იარაღით არის ჩადენილი.
სამსონ ქუთათელაძე 2001 წლიდან იყო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. 2004-2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი. 2008 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.