„მეტრონომი“ სასამართლოდან
კლუბ ”ბასიანის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდებული თამაზ ქვლივიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, აგრესიით გამოირჩეოდა.
”ჩვენ, როგორც ”ბასიანს” არ გვიხარია ვინმეს ციხეში ჩასმა. პრინციპული საკითხი იყო, რამდენად იქნებოდა მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზე, რამდენად იქნებოდა სელექციური. მაშინ, როდესაც ”ბირჟა-მაფიას” საქმეზე იგივე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჯგუფის წევრები, რატომ დაუშვა ამ შემთხვევაში გამონაკლისი და რატომ იყო სელექციური. კითხვას ბადებს ეს ყველაფერი. მე ის ინფორმაცია მაქვს, რომ ბრალდებულს მას შემდეგ, რაც კლუბში შესვლაზე უარი ეთქვა, აგრესიით გამოირჩეოდა, აგინებდა ყველას, მათ შორის დაცვის წევრებს” – აღნიშნა ზვიად გელბახიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.
როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია. დღეს კი ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ავტორი: ნინი ცხადაია