ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის განხილვა გრძელდება

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს სამხრე კამერების ვიდეო-აუდიო ჩანაწერები შეისწავლეს, რომელიც ავარიის შემდგომ ვითარებას ასახავს, ასევე დიალოგი საპატრულოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ძაბირაძესთან სადაც, პროკურორის განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებული, ზურაბ რუსიშვილი ამბობს, რომ გზა 207-ე ეკიპაჟმა გადაკეტა.

ჩანაწერში პატრულის თანამშრომლის და ხახუბიას ძმის ცოლის საუბარია, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ დააკავეს ბექა ხახუბია თბილისში, თუმცა რატომ და როგორ გაათავისუფლეს ის შემდეგ, მისთვის უცნობია.

ერთ-ერთ ჩანაწერში ისმის მამაკაცის ხმა – ეს რა ვქენი?! მე მოვკალი… ამ სიტყვების ავტორი კადრებშიც ჩანს, თუმცა ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მათთვის უცნობია, ვინ არის ეს პიროვნება. ეს პასუხი დაცვის მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და დასვა კითხვა, ხომ არ იყო ეს პიროვნება კავშირში ამ საქმესთან და კონკრეტულად ხახუბიას პოლიციის განყოფილებიდან გათავისუფლებასთან. პროკურორის განცხადებით, ეს პიროვნება ბრალდების ინტერესს არ წარმოადგენს. ეს ჩანაწერები კი დაცვის მხარეს 2017 წლის აგვისტოდან ჰქონდა და ამ პიროვნების ვინაობის დადგენა მათაც შეეძლოთ. მომდევნო პროცესი 25 იანვარს და 2 თებერვალს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.

გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სამივე პირი სასამართლოდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მათ პოლიციელის უფლებამოსილება შეუჩერდათ.

17 მაისს, გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შედეგადაც მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

იტვირთბა....