მედია ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებულ ვეტოს უფლებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ლაშა ტუღუში პრეზიდენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას დადებითად აფასებს.
„ძალიან საინტერესო პროცესია ის, რასაც ვადევნებთ თვალს. ის, რომ ამდენი უარყოფითი მოსაზრება გამოითქვა, მათ შორის უმრავლესობის წევრების მხრიდან, მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, მეტყველებს იმის შესახებ, რომ ძალიან ცუდი კანონია. ბუნებრივია, შანსი იმისა, როდესაც პრეზიდენტი იყენებს ვეტოს უფლებას და შემდგომ ეს დაიძლევა, ამ კანონთან მიმართებაში შესაძლოა ეს ტრადიცია დაირღვეს. ვფიქრობ, პარლამეტი წესით უნდა ისმენდეს იმ განგაშის ხმას, რომელიც მოდის როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, ასევე მედიის მნიშვნელოვანი ნაწილიდან და პოლიტიკოსებისგან. მე ვგულისხმობ, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის დეპუტატების განცხადებებს“, – აღნიშნა ტუღუშმა.