საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „მეტრონომთან“ საუბრისას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთალის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ შესაძლოა, მუხთალი საერთოდ არ იყოს თბილისიდან მოტაცებული, რადგან საკმაოდ ბევრი საეჭვო ფაქტია ამ საქმესთან დაკავშირებით.
„არ არის დამტკიცებული, რომ მუხთალი აზერბაიჯანში საქართველოდან მოხვდა. ამ ფაქტთან დაკავშრებით საკმაოდ სერიოზული კითხვები არსებობს. ასე პირდაპირ თბილისის ცენტრიდან, უამრავი ხალხის თვალწინ.. დიდი ალბათობით, ჟურნალისტი, შესაძლოა, თბილისიდან არ იყოს აზერბაიჯანში გადაყვანილი. ყოველ შემთხვევაში, მე აზერბაიჯანული სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობას ვერ შევაფასებ“.
შეგახსენებთ, რომ დღეს აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურორი მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
სასმართლოზე განცხადება თავად მუხთარლიმაც გააკეთა. მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აბსურდული უწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის თბილისიდან სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მას აზერბაიჯანში არალეგალურად გადასვლა აზრადაც არ მოსვლია.
ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა -გამშვებ პუნქტზე.