aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიგა ოთხოზორიას საქმე: არასამთავრობოებმა რუსეთს სტრასბურგში უჩივლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიგა ოთხოზორიას საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. საჩივარი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „ადამიანის უფლებათა ევროპულმა ცენტრმა“ მოამზადეს.

გიგა ოთხოზორია ე.წ. სასაზღვრო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.

სტრასბურგში შესულ საჩივარში მოპასუხე მხარედ რუსეთის ფედერაციაა მოხსენიებული, რადგან “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის, თამარ აბაზაძის თქმით, სწორედ ეს ქვეყანა ახორციელებს აფხაზეთის ტერიტორიის ეფექტურ კონტროლს.

„მე-13 მუხლის დარღვევას ვასაბუთებთ იმის გამო, რომ აფხაზეთის პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები არ იყვნენ ჩართულნი სათანადოდ, მათ არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. შესაბამისად, მათ წაერთვათ სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება, მათ არ ჰქონდათ რაიმე სამართლებრივი საშუალება, რომ ედავათ თავად აფხაზეთის ტერიტორიაზე კონკრეტული დამრღვევის მიმართ,“ – განაცხადა თამარ აბაზაძე.

თამარ აბაზაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სავარაუდოდ, კონპენსაციის გადახდა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ მოუწევს.

გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო მხარის გააქტიურების შემთხვევაში, რუსეთის ბრალეულობა გამოიკვეთება.

2016 წლის 19 მაისს ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს გადმოვიდა, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა ოთხოზორიას, შემდეგ კი საკონტროლო გასროლით მოკლა. რის შემდეგაც კანჯი ოღლი აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.

მოგვიანებით კი, აფხაზურმა ე.წ. სასამართლომ მტკიცებულებების არარსებობის გამო, კანჯი ოღლის მიმართ დევნა საერთოდ შეწყვიტა.

იტვირთბა....