„ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მარიხუანას ლეგალიზაციას ვერაფერი დაუდგება წინ, მათ შორის ვერც რომელიმე ავტორიტეტული ინსტიტუტის გადაწყვეტილება.
როგორც „მეტრონომს“ ხვიჩიამ განუცხადა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ორი გადაწყვეტილების მიღება – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ციხეში მყოფი ადამიანების გამოშვება.
„მე ეს კანონპროექტი არ წამიკითხავს, სამწუხაროდ, მაგრამ ამ წუთას რაც არის გასაკეთებელი, ეს არის მარიხუანის ლეგალიზება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებელია. ხალხი ელოდება გადაწყვეტილების აღსრულებას. მეორე, ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულები უნდა გათვისუფლდნენ. უხერხულია მათი ციხეში ყოფნა“, – აცხადებს ხვიჩია.
მისივე თქმით, საპატრიარქოს აქვს უფლება ქონდეს თავისი მოსაზრება ყველა თემაზე, მაგრამ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება.
„რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, რომელიც ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეწყვეტას ითხოვს, მას ყველა თემაზე აქვს საკუთარი შეხედულება. პარლამენტს აქვს ვალდებულება, ქონდეს საკუთარი მოსაზრება და არა სხვისი მოსაზრება იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის წინაშე დაგს, როგორც გადასაწყვეტი ამოცანა. აქედან გამომდინარე, მე საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებდი, რომ მიიღოს რაციონალური და სწორი გადაწყვეტილება.
საპატრიარქოსა და პარლამენტს სხვადასხვა ამოცანები აქვთ და მათი საქმიანობის ერთი-ერთში დუბლირება შეუძლებელია. კი, ბატონო, შესაძლებელია ამ საკითხზე მოლაპარაკებები გამართონ, რაღაცები სამსჯელოა, ისინი ვინც თვლიან, რომ ავტორიტეტულ ადამიანებთან სასაუბროა ისაუბრონ, მაგრამ ის რაც სასწრაფოდ გასაკეთებელია, მას ვერაფერი აღუდგება წინ, მათ შორის ეს მოლაპარაკებებიც“, – აცხადებს ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, უნდა მოეწყოს ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს ”.
საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს