19 წლის დავით ტორიაშვილის მკვლელობის შესახებ შსს დეტალებს ასაჯაროებს.
როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი დაკავებულია, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ასევე დაკავებულია 5 ადამიანი. მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ გაიზარდოს მათი რიცხვი.
შს სამინისტრო მკვლელობის მოტივად ამ ეტაპზე შელაპარაკებას ასახელებს.
მეზვრიშვილის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის საშუალებით ჭრილობები მიაყენა დავით ტორიაშვილს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.
წუხელ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 19 წლის დავით ტორიაშვილის ცხედარი იპოვეს. მას ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.