ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვიდეო მასალა ასევე, პრობლემურია და დაუსაბუთებელი”: EMC-ის წარმომადგენელი სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე სუს-ის მიერ ვიდეო მტკიცებულებების გავრცელებას ეხმაურება, რომელიც პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ახალ დეტალებს ეხება.

“ვიდეო მასალა ასევე, პრობლემურია და დაუსაბუთებელი,” – ამბობს თამთა მიქელაძე. მისი თქმით, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მაჩალიკაშვილის ტერორისტული დაჯგუფების წევრებთან შესაძლო კავშირს აღნიშნავს, დაუსაბუთებელია.

„ეს ვიდეო მასალა ასევე, პრობლემურია და დაუსაბუთებელი, იმიტომ, რომ ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ეს ადამიანები საქართველოში იყვნენ, შესაბამისად, საკმაოდ ფართე წრეს ადამიანებისას შეიძლებოდა, ჰქონოდა მათთან კომუნიკაცია. ამდენად, თავისთავად, ეს ბრალეულობას არ უმტკიცებს,“ – აცხადებს თამთა მიქელაძე.

თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნება სუს-ის მხრიდან მედია სვლაა, რადგან უწყებას სურს, რომ დაკავებული პირების დანაშაულებრივობას გაუსვას ხაზი, რითაც სპეცოპერაციის დროს სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული ბრალეულობა გადაფაროს.

სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. კადრში ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებულ სხვა წევრებთან. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ვიდეო-კადრები თუ როგორ გადაადგილდებიან თემირლან მაჩალიკაშვილი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული შოაიფ ბორზაევი და ასლანბეგ შოლტახმადოვი”- განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

 

იტვირთბა....