სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი N14 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მის ხელმძღვანელებთან ერთად ახლადგახსნილი საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა და იქ მომუშავე პერსონალს გაესაუბრა.
ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულებაში ასევე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო პუნქტიც დაათვალიერა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კაბინეტი, სასტერლიზაციო, შიდსისა და ინფექციური დაავადებების სკრინინგისა და სხვა სახის სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულების ტერიტორიაზე სამედიცინო პუნქტის მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იქ მომუშავე პერსონალს მადლობა გადაუხადა.
„დავათვალიერეთ გეგუთის N14 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. მინდა, აღვნიშნო, რომ მომსახურე პერსონალი ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია, სათანადო დახმარება გაუწიონ აქ მყოფ მსჯავრდებულებს,“- აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური ჯანდაცვის ორგანიზებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი რეფორმა განახორციელა.