ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს ადამიანის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 26 დეკემბერს ადამიანის პერსონალური მონაცემები არ გაუმჟღავნებია და შესაბამისი კანონი არ დაურღვევია. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv აქვეყნებს.

“შსს-ს მიერ 26 დეკემბერს გავრცელებული განცხადება იყო დეპერსონალიზებული ფორმით, სახელისა და გვარის ინიციალების გამოყენებით, შესაბამისად, სრულად აკმაყოფილებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნებს”, – განაცხადა შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი სახოკიამ.

სახოკიას თქმით, უწყება ამ საკითხთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან თანამშრომლობს, რომელმაც საქმის შესწავლა უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სოფელ ქისტაურში მომხდარ ფაქტს. რამდენიმე დღის წინ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველები სოფელ ქისტაურში, ერთ-ერთ ოჯახში სახლის გასაჩხრეკად შევიდნენ. ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისი შეუძლოდ გახდა და ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახი ამ ფაქტს პოლიციელების მხრიდან უხეშობას უკავშირებდა.

იტვირთბა....