აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შეუძლია თუ არა პოლიციელს ფოტო გადაუღოს მოქალაქეს ან მის პირადობის მოწმობას – იურისტი “მეტრონომს” პასუხობს

ბოლო დღეებში განხორციელებულმა საპოლიციო რეიდმა მოქალაქეების ნაწილში კითხვები გააჩინა, რისი უფლება აქვს პოლიციას და რა შემთხვევაში შეიძლება სამართალდამცველი კანონს არღვევდეს. “მეტრონომს” იურისტი გურამ იმნაძე ესაუბრა.

საპოლიციო რეიდისას, როცა სამართალდამცველი აჩერებს მოქალაქეს და ფოტოს უღებს-ეს კანონდარღვევაა?

პოლიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოქალაქეს გადაუღოს სურათი, თუ მოქალაქე არ გააცნობს ვინაობას, ან მას არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სხვა შემთხვევაში, ეს მოქმედება უკანონოა. მითუმეტეს, თუ პოლიციელი საკუთარი მობილურით გადაიღებს ამ სურათს და არა-სპეციალური, სამსახურეობრივი ტექნიკით.

შეუძლია თუ არა პოლიციელს მოქალაქის პირადობის მოწმობას სურათი გადაუღოს?

პირადობის მოწმობისთვის სურათის გადაღება -ამგვარი პროცედურა არც არსებობს. მსგავსი კანონი არ გვაქვს.

რა შეუძლია მოქალაქემ გააკეთოს, თუ ფიქრობს, რომ სამართალდამცველი კანონს არღვევს?

მოქალაქეს შეუძლია ეს ჯერ პილიციელთან გააპროტესტოს, შემდეგ კი – გენინსპექციაში.

სად გადის ზღვარი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და გაპროტესტებას შორის?

წინააღმდეგობის გაწევას სხვადასხვა ფორმა შეიძლება ჰქონდეს. თუ მოქალაქე უხეში მოქმედებას გამოხატავს პოლიციელის მიმართ, ან სამართალდამცველის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილება. თუმცა, ის შემთხვევები, რომელზეც ვისაუბრეთ, მოქალაქის მხრიდან თუ ძალადობის გარეშე განხორციელდა, ცალსახად კანონიერი პროტესტია.

საპოლიციო რეიდისას, პოლიციას მოქალაქის გაჩხრეკის უფლება აქვს?

საპოლიციო რეიდისას მოქალაქებს არ ჩხრეკენ – ზედაპირულად ამოწმებენ. ეს ორი მოქმედება არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუკი ჩხრეკის დროს მოქალაქის საფუძვლიანი შემოწმება მიმდინარეობს, ზედაპირული შემოწმებისას პოლიციას მხოლოდ იმის უფლება აქვს, სამოსს ხელი შეახოს. ამ დროს ტანსაცმლის გახდა, ან ჯიბეში ხელის ჩაყოფა არ იგულისხმება. ეს ყველაფერი ზედაპირული შემოწმების ფარგლებს ცდება. პოლიციას ჩხრეკა შეუძლია მაშინ, როცა ინფორმაცია აქვს, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა.

არის თუ არა საპოლიციო კანონმდებლობა დასახვეწი, რადგან პოლიციას, ბუნებრივია, უფრო მეტი უფლება უნდა ჰქონდეს, ვიდრე მოქალაქეს. თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელებულ კრიტიკულ შეფასებებში, ვხედავთ, რომ მოქალაქეები პოლიციის წევრებს ხანდახან უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. ანუ, ჯერ კიდევ გაურკვეველია რა სახის მოქმედების ჩატარება შეუძლია პოლიციას და რისი უფლება არ აქვს?

 

პოლიციის გაძლიერება არ გამორიცხავს იმას, რომ ის ეფექტურად იცავდეს მოქალაქეს. თუკი ჩვენ გვეყოლება უფრო კვალიფიციური სამართალდაცავები, მეტად არ დაიღვევა მოქალაქის უფლებები. ამ დროს პოლიციის წარმომადგენელი კანონის დაცვით განახორციელებს მოქმედებებს. თუ პოლიციას უჭირს დანაშაულთან ბრძოლა, სწორედ ამ დროს არღვევს მოქალაქის უფლებებს. ჩვენი კანონმდებლობა გაუმჯობესებას საჭიროებს იმ მხრივ, რომ პოლიციამ მეტად დაიცვას მოქალაქეების უფლებები.

 

 

იტვირთბა....