სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, N11 არასრულწლოვანთა სარებილიტაციო და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
არასრუწლოვან მსჯავრდებულებს, რომლებიც წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა მიულოცა. მსჯავრდებულებმა კი, სტუმრებს თავიანთი ნამუშევრები დაათვალიერებინეს.
„არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ ახალგაზრდებს სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადავეცით. მსჯავრდებულებზე ზრუნვის საკითხში, სამინისტროსთან ერთად, საზოგადოების ჩართულობაც აუცილებელია. სასურველ შედეგს, რომელიც მათი რესოციალიზაცია და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაციაა, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ“, – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
არასრულწლოვნებს საჩუქრები დაწესებულებაში პირადად გადასცეს კომპანია GT GROUP-ის წარმომადგენლებმა. „გადავწყვიტეთ წინასაახალწლოდ, ახალგაზრდები შეძლებისდაგვარად გაგვეხარებინა. მათთვის ჩვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ აქ არსებული ვითარებით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით. დაწესებულებაში ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ახალგაზრდები განვითარდნენ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ“, – განაცხადა GT GROUP-ის დამფუძნებელმა ჯაბა შელიამ.
N5 დაწესებულებას კი, წინასაახალწლოდ, მომღერალი მაკა ზამბახიძე ეწვია და მსჯავრდებულებთან ერთად, ნაძვის ხის მორთვაში მიიღო მონაწილეობა. მაკა ზამბახიძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულა და მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მიულოცა, მათ შორის ის დედათა და ბავშვთა სახლს ეწვია, სადაც ქალი პატიმრები 3 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად იმყოფებიან.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო წინასაახალწლოდ, სხვადასხვა ღონისძიებას ყველა დაწესებულებაში გამართავს. დაგეგმილია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის, ანსამბლების: „რუსთავი“, „შვიდკაცა“, „ქართული ხმები“, ჯგუფების – „რეზო და ბავშვები“, „გამოუვალი მდგომარეობის“ და „ქუჩის ბიჭების“ კონცერტები და ღონისძიებები. დაწესებულებებს, ასევე, იუმორისტული შოუს მსახიობები ესტუმრებიან. გარდა ამისა, ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე და სხვები.
მსჯავრდებულებს საახალწლოდ, სხვადასხვა კომპანიის მხრიდან საჩუქრებიც გადაეცემათ, მათ შორის: „ავერსი“, „ზედაზენი“, „ბარამბო“ „ვაიკიკი“, „ბეიქერი“ და სხვა.