შინაგან საქმეთა სამინისტრო პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იკვეთება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება, მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ჩვენი მიზანია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გადაცდომის თითოეულ ფაქტზე -ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას მომავალშიც მოახდენს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გათავისუფლებულმა ზვიად რატიანმა კი ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ პოლიციელები დიღმის მასივის მთავარ სამმართველოში დაკავებისას, ფიზიკურად გაუსწორდნენთ. მისი თქმით ყველაზე დაუნდობლად სწორედ მთავარ განყოფილებაში “გაილახა”.
”თვითონ ამბავი ძნელი მოსაყოლია, რადგანაც ჩემთვის არანაირი ლოგიკა არ დევს ამ ამბავში. როგორც დღეს გავიგე, საპოლიციო კონტროლი ყოფილა და მეც გადამამოწმეს. თუმცა, იყვნენ აგრესიულები, მესაუბრებოდნენ ცუდად, ჩამტენეს მანქანაში. სულელურად კი ჟღერს, მაგრამ ახსენებდნენ ქურთუკს და მეუბნებიოდნენ – ეს რა ფერია, რა გაცვია ბიჭოო. რამდენიმე საათი გაგრძელდა ჩემი მანქანით ტარება აქეთ-იქით. მირტყამდნენ განუწყვეტლივ. წამიყვანეს განყოფილებაში. იქ გააფორმეს, რომ მე თურმე მქონდა დაზიანებები და ქუჩაში ვიყავი ამ დაზიანებებით და ვიგინებოდი. ყველაზე დაუნდობლად აქ გავილახე. სადღაც ათზე მეტი დაზიანება დააფიქსირა ექიმმა”, – აღნიშნა ზვიად რატიანმა.