ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლომ ე.წ ჩაწყობილ თამაშებზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ კომერციული მოსყიდვის ბრალდების საქმეზე გამართული პროცესის შესახებ განცხადება გაავრცელა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ბრალდების საქმეზე დაკავებულებს: ვაჟა კ.-ს, ზაზა მ.-სა და თემურ დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა, ხოლო ირაკლი ბ.-სა და დავით ბ.-ს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, 5000-5000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

„2017 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ დირექტორმა და მწვრთნელმა ვაჟა კ.-მ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის ყოფილმა წევრმა თემურ დ.-მ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის „სუპერ ლიგის“ მსაჯები – ზაზა მ., დავით ბ. და ირაკლი ბ., დავით დ.-ს შეახვედრეს. შეხვედრისას, მსაჯებმა დაადასტურეს, რომ თანხის სანაცვლოდ უზრუნველყოფდნენ თამაშებში სასურველი შედეგების დაფიქსირებას. მატჩებში, გარიგებული შედეგების დაფიქსირების შემდგომ, ბრალდებულებმა დავით დ.-ს გამოართვეს თანხა, ჯამში 36 000 ლარის რაოდენობით, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ვაჟა კ.-ს, ზაზა მ.-ს და თემურ დ.-ს მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გამოიყენა. რაც შეეხება ბრალდებულებს, ირაკლი ბ.-სა და დავით ბ.-ს, სასამართლომ მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით შეარჩია.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 8 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათ კომერციულ მოსყიდვაში ედებათ ბრალი.

იტვირთბა....