ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია

მართვის მოწმობები რომელიც 2006 წლის 1-ელ აპრილამდეა გაცემული, მისი გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია.

“საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე მოსმენით პარლამენტმა იმ პირობით მიიღო, რომ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით კიდევ რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ. ეს წინადადება კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა წამოაყენა, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმაც გაიზიარა.

”საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის დღეს მოქმედი რედაქცია, კერძოდ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილი, ვგულისხმობ გარდამავალ დებულებებს, არის ჩამოყალიბებული შემდეგი სახით: 2006 წლის 1-ელ აპრილამდე საქართველოში გაცემული მართვის მოწმობებს იურიდიული ვადა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე, გარდა ამ კანონის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საზოგადოებამ იცის, ჩვენთვის არ არის სიახლე, ხდება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ მართვის მოწმობების გამოცვლის პროცესი. დადასტურებული ინფორმაციით, ეს დრო, რომელიც იყო მიცემული შესაბამისი ორგანოებისთვის, არ აღმოჩნდა საკმარისი და თუკი დარჩება ამ რედაქციით ეს მუხლი, აღმოჩნდება, რომ 2018 წლის პირველ იანვარს ძალიან ბევრ, ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ექნება საშუალება ისარგებლოს 2006 წლამდე გაცემული მართვის მოწმობით. ჩვენ ამ კანონში შესაბამისი ცვლილებები განვიხილეთ მეორე მოსმენით, თუმცა, კენჭი არ გვიყრია. გთავაზობთ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილში, შევცვალოთ სიტყვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე სიტყვით – 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ანუ დამატებით მიეცეს ვადა შესაბამის ორგანოებს მართვის მოწმებების შესაცვლელად და გაეზარდოთ ვადა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩაეტიონ დროში და მივცეთ საშუალება, ისარგებლონ ძალაში მქონე მართვის მოწმობებით”, – განაცხადა მათიკაშვილმა

იტვირთბა....