საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” მწვრთნელი, თემურ დათიკაშვილი სუს-ის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის განცხადებით, დათიკაშვილს მიაჩნია, რომ მომხდარი პროვოკაციაა. ადვოკატი ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს თუ ვისი მხრიდან შეიძლება ჰქონოდა პროვოკაციის მოწყობას ადგილი. ადვოკატის განცხადებით, დათიკაშვილისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ. მწვრთნელის ადვოკატი ამბობს, რომ სუს-მა გაავრცელა ის ინფორმაცია, რომელიც მას სურდა, ხოლო სიმართლე სრულიად სხვაა.
”კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ბრალის ფორმულირება არ აქვს. რაც შეეხება ვინმესთან კავშირს, აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. წუხს ყოველივეზე და გულისტკივილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა სპორტს, ახლა კი ხდება ისე, რომ მასთან დაკავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები.
პროვოკაციასთან დაკავშირებით შემდგომში მოგახსენებთ დაზუსტებით, ვინაიდან შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ. თანხაზე საუბარი საერთოდ არ არის. ეს დასადგენია, იყო თუ არა თანხა საქმეში. სუს-მა რა გაავრცელა ერთია და სინამდვილეში რა არის, ეს მეორეა”, – განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.
კითხვაზე, იცნობს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დათიკაშვილი სხვა დაკავებულებს, ადვოკატის განმარტებით – იცნობს, ”იმიტომ, რომ ყველანი კალათბურთელები არიან“.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.