თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლკოვნიკ ზვიად ფიცხელაურს სასწრაფო ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.
პოლიციელის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მისი ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება.
„მოგეხსენებათ, რომ მთელი დღე აქ ვარ და ჩემი ინფორმაციით, ეს არის თვითდაზიანება, მაგრამ აქაც პროცესი მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია ალბათ დადასტურდება, თუმცა სხვა შემთხვევებისთვისაც ვიტოვებთ და საბოლოო შეფასებას ვერ ვაძლევთ ამ ფაქტს“, – აღნიშნა გუშინ გიორგი გახარიამ.
დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა. პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.