“ხალხო, რა დროს კვირიკაშვილის გინებაა, უმძიმესი გამოცდის წინ ვდგებით”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე წერს:
“ასეთი გამოწვევის წინაშე ეს ხელისუფლება არ მდგარა. საპასუხოდ, მთელი ჩვენი მუსულმანური გარემოცვა – თურქეთი, აზერბაიჯანი და ა.შ. აცხადებს რომ მხარს დაუჭერს ამერიკის საწინააღმდეგო პოზიციას. ასეთი მკვეთრი გადაჯგუფება პრო და ანტი ამერიკული პოზიციებისა რეგიონში, სადაც ფაქტობრივად მარტო ვრჩებით, კარგს არაფერს მოგვიტანს. აღარაფერს ვამბობ მუსულმანურ ფაქტორზე. დამატებით ჩვენს მოსახლეობას არ უბიძგონ პროტესტისკენ მეზობლებმა. კარგი არჩევანი არ გვაქვს! თანაც გადაწყვეტილება ერთია და თანმდევი რისკების შეფასება – მეორე: ჩვენ კი დავუჭერთ ამერიკას მხარს, მაგრამ ამერიკა რითი დაგვიჭერს მხარს რისკების გასანეიტრალებლად – ესეც უნდა მოვითხოვოთ!!!”-წერს ლაგაზიძე.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, იმ ქვეყნების მიმართ, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას არ დაეთანხმებიან, ფინანსური დახმარების შეწყვეტას გეგმავს:
“ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ” – განაცხადა ტრამპმა.
გაეროს გენერალური ასაბლეა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით საგანგებო სესიას დღეს გამართავს. ორგანიზაციის 193 წევრი, ისლამური სახელმწიფოების თხოვნის საფუძველზე შეიკრიბება.
აშშ-მა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.