საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა პაპუაშვილი, გია გაჩეჩილაძისა და პრემიერის დაპირისპირებას “ტვ პირველის” ეთერში ეხმაურება. მისი თქმით, იგი საქმეს არ იცნობს და ის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს:
,,ეს საქმე სამართლიან ჭრილში უნდა გადაწყდეს. არსებობს სასამართლო, რომლის თამასაც ჩვენ ძალიან მაღლა ავწიეთ. მე სეირის ყურება კი არ მინდა, მინდა სამართალმა პური ჭამოს.
თუ გამართლდა გია, მე არც პრემიერის გადადგომა მინდა და თუ არ გამართლდა, არც მისი ბოდიში. წესიერი, ვაჟკაცი ადამიანი ბოდიშს, ასე, მარჯვნივ-მარცხნივ არ არიგებს. ეს ბოდიში უნდა უღირდეს”-აცხადებს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.