“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება და სასამართლო ერთობლივად ცდილობენ სააკაშვილის პროცესების დაჩქარებას. ბიბილაშვილმა ეს განცხადება მან გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წაყენებული. მას საზოგადოებრივი წესით დანიშნული ადვოკატი იცავს, რომელმაც დღეს ერთთვიანი ვადა ითხოვა საქმის გასაცნობად, თუმცა მოსამართლემ ადვოკატს მხოლოდ ერთი კვირა მისცა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, მოსამართლის გადაწყვეტილება ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ის პირდაპირ დავალებას ასრულებს სწრაფად დაასრულოს პროცესი.
“არსებობს სასამართლოს მიმართ პირდაპირი დავალება, რომ ახალ წლამდე დასრულდეს ეს პროცესი”-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. სოფიო გოგლიჩიძე საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაქირავებული ადვოკატების აცილება მოითხოვა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა საქმის მასალების გასაცნობად ერთთვიანი ვადა მოითხოვა. შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურორი და სასამართლოს სთხოვა, ადვოკატისთვის მტკიცებულებების გასაცნობად ერთი კვირა მიეცა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა.
გირგვლიანის საქმის ამ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.