ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: პროკურატურა არ აპირებს დაეხმაროს სააკაშვილს ტაქტიკის განხორციელებაში

“22 მოწმის ჩვენებისა და ორსაათიანი ვიდეომასალის გაცნობას ერთ კვირაზე მეტი არ სჭირდება” – ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის ერთ-ერთ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროკურორმა განაცხადა. ის არ  დაეთანხმა სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობას პროცესის ერთი თვით გადადების თაობაზე.

ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ ბრალდებულის ტაქტიკაა, გააჭიანუროს პროცესები და ადვოკატი ვალდებულია დაეთანხმოს ბრალდებულის პოზიციას.

„პროკურატურა არ აპირებს, დაეხმაროს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ტაქტიკის განხორციელებაში“- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. სოფიო გოგლიჩიძე საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაქირავებული ადვოკატების აცილება მოითხოვა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა საქმის მასალების გასაცნობად ერთთვიანი ვადა მოითხოვა. შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურორი და სასამართლოს სთხოვა, ადვოკატისთვის მტკიცებულებების გასაცნობად ერთი კვირა მიეცა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა.

გირგვლიანის საქმის ამ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

იტვირთბა....