ევროპარლამენტის წევრი რებეკა ჰარმსი უკრაინის სასამართლოს მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.
ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
“ძალიან კმაყოფილი ვარ სააკაშვილის გასათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღება, რაც შიდა განვითარებისა და უკრაინის საერთაშორისო რეპუტაციისთვის კარგია”,-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს. პროკურატურას გასაჩივრებისთვის 5 დღე აქვს.
უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარა.