ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ეკა ბესელია: იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტურა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ასეთი ავანტურა იოლად პროგნოზირებადია.

“პოლიტიკური თვალსაზრისით ის, რაც ხდება ჩვენს მეგობარ, პარტნიორ ქვეყანაში, დრამატული სურათია, ჩვენთვის, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი, რადგან იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტურა. ეს არის კარგად წაკითხული წიგნი, სცენარი, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინა, როგორც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ამ ავნტურას არ წამოეგება.
ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის ბრალდება – რუსულ კავშირებთან სააკაშვილის ბმა, რაშიც მას ბრალი აქვს წაყენებული, თუმცა ეს დადასტურდება თუ არა, სასამართლოს საქმეა და სასამართლო განსჯის, მაგრამ ეს მაინც არის საყურადღებო. რადგან მთელი ეს პროცესი ბუნებრივია, ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილთან დაკავშირებით, ამაზე პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადებები. პოლიტიკური გუნდი და პარლამენტი, ბუნებრივია, ამ პროცესებში არ ჩავერევით,”- განაცხადა ბესელიამ.

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

იტვირთბა....