ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

წულუკიანი: უკრაინისგან ჯერჯერობით არ მიგვიღია რაიმე ტიპის პასუხი ექსტრადიციის მოთხოვნაზე

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნაზე ქართულ მხარეს ოფიციალური კიევიდან პასუხი ჯერ არ მიუღია.

„ჩვენ უკრაინული მხარისგან ჯერჯერობით არ მიგვიღია რაიმე ტიპის პასუხი ექსტრადიციის მოთხოვნაზე. უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ყველანი ერთად ვაკვირდებით მედიასაშუალებების დახმარებით. ვხედავთ, რომ დაკავებულის მიმართ უკრაინაშიც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი პროცესი. ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, უკრაინული კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილების მოლოდინშია უკრაინაში ყველა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ინტერესია, ნებისმიერმა ბრალდებულმა საკუთარი უდანაშაულობა, ტელევიზიის ნაცვლად სასამართლოში დაამტკიცოს.

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

იტვირთბა....