საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, “რუსთავი 2”-თან სატელეფონო ჩართვისას, მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შესაძლო ექსტრადირებაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ამის არ ეშინია და “იკითხოს ივანიშვილმა”:
„ივანიშვილმა იკითხოს, თორემ მე არ მეშინია. თუ უკრაინიდან გამოატანენ ჩემს თავს კი, მაგრამ თუ გამოატანენ, ჩემი თავი შემოევლოს ორ ოლიგარქს, მაგრამ მერე? ახლა იწყება მაგათი თავდავიწყება. აქ ისეთი გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ ვარდების რევოლუცია მაგათთვის მოგონილია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ტელეფონით სასამართლო დარბაზიდან ჩაერთო, სადაც იმ დროისთვის შესვენება იყო გამოცხადებული.
კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.
“ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან სანთებელა, თავს იწვავდა”: მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერზე (ვიდეო)