ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინელმა ჟურნალისტმა სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურის დადგენილება გამოაქვეყნა

უკრაინელმა ჟურნალისტმა ტატიანა ვისოცკაიამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და მისი ადგილსამყოფელის ჩხრეკასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის გამომძიებლის დადგენილება გამოაქვეყნა. ჟურნალისტმა აღნიშნული დადგენილება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ 8 დეკემბერს უკრაინის ეროვნული პოლიციის სისხლის სამართლის ძებნის დეპარტამენტმა ინფორმაცია მიიღო, რომ სააკაშვილი შეიძლება იმყოფებოდეს ოტრადნოეს გამზირზე მდებარე ბინაში.

დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა საგამოძიებო ქმედებების ჩატარება შეუძლებელია „საგნების, დოკუმენტების და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლების განადგურების, შეცვლის ან დამახინჯების რისკის და ეჭვმიტანილი სააკაშვილის გამოძიებისგან თავის არიდების რისკის გამო“.

გენერალური პროკურატურის გამომძიებელი ასევე ასაბუთებს ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას.

„მოცემულ მისამართზე ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა გადაუდებელია და პირის უშუალო დევნას უკავშირდება, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში“, – ნათქვამია პროკურორი გოვორუშაკის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.  მისი დაპატიმრებიდან უკვე 12 საათი გავიდა და სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობაში იგი კიდევ 2 დღე დარჩება.  სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.

ცოტა ხნის წინ კი სააკაშვილმა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა.

 

იტვირთბა....