საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება გააკეთა, რომლითაც სამინისტრო იერუსალიმის თაობაზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც.
საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმში, ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. მისი თქმით, ეს ” დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას”.
როგორც ცნობილია, გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ხოლო, თურქეთში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა. აღნიშნულის შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვეს.