თბილისის მერი ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში იმყოფებოდა.
კახა კალაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებებმა დღეს დაასრულეს მუშაობა, რის შემდეგაც ბინებში უკვე დასუფთავების სამსახური შევიდა და დაზიანებული საცხოვრებლები დაასუფთავა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხვალიდან ადგილზე თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლები მივლენ და შეამოწმებენ კორპუსს, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში მოქალაქეების შეშვება.
„თუ სერიოზული პრობლემები იქნება და სახლი ავარიულია, შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ სამუშაოებს, რათა პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. რაც შეეხება სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დავიწყებთ ამის განხორციელებას, მას შემდეგ, რაც იქნება სრული სურათი შემოწმების შემდეგ“,- აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, კალაძე კორპუსის მცხოვრებლებს დაპირდა, რომ მათ პრობლემებს მერია ძალიან მალე მოაგვარებს.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.