ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უარყოფითი პოზიცია მოჰყვა. როგორი იქნება ამ საკითხთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოების და მუსლიმანური სამყაროს რეაქცია? გამოიწვევს თუ არა ეს რეგიონში კონფლიქტის ახალ კერას და საქართველომ ამ შემთხვევაში რა პოზიცია უნდა დაიკავოს -ამ და სხვა კითხვებზე „მეტრონომს“ საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და საერთაშორისო ექსპერტი, ირაკლი მენაღარიშვილი პასუხობს.
„მეტრონომი“: ამერიკამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, ისედაც დაძაბულ რეგიონში რა პროცესები შეიძლება განვითარდეს?
ირაკლი მენაღარიშვილი: საზოგადოებისთვის იერუსალიმის პრობლემა ცნობილია, შასაბამისად, ამერიკის ეს პოზიცია რეგიონში სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. ისრაელის და პალესტინის მუსლიმ მოსახლეობას შორის არსებულ კონფლიქტს უფრო გაამწვავებს, ამიტომაც წლების განმავლობაში მკვეთრი გადაწყვეტილებისგან თავს ყველა იკავებდა. საერთაშორისო საზოგადოება, ყოველთვის ცდილობდა, რომ ამ საკითხზე ორივე დაპირისპირებულ მხარეს შორის კომპრომისი ეპოვა.
ამერიკის პრეზიდენტის ამ განცხადებას, არა მხოლოდ ერდოღანის მწვავე რეაქცია, არამედ, მთელი მუსულმანური სამყაროს რეაქცია მოჰყვება. პრაქტიკულად ყველა მუსლიმურ სახელმწიფოს არაერთხელ განუცხადებია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელი იქნება. ამიტომ სიტუაციის გამწვავება და დაძაბვა ნამდვილად მოსალოდნელია. თუმცა ამ კონფლიქტმა რა სახის განვითარება შეიძლება ჰპოვოს, რთული სათქმელია. ეს დასავლეთის რეაქციაზეც იქნება დამოკიდებული.
-ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მუსულმანებს არ ეხებათ და ქრისტიანების პრობლემაც არის. ვინ შეიძლება ტრამპის ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმოს?
-რთული სათქმელია ამ ეტაპზე ტრამპს რომელმა ევროპელმა ლიდერებმა შეიძლება მხარი დაუჭირონ. უბრალოდ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა განსაზღვრული იყოს, რამდენმა სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად იყოს აღიარებული. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნების ნაწილსაც შეუძლია, რომ სადავო ტერიტორიები სახელმწიფოდ აღიაროს. ამის მაგალითები კოსოვო და აფხაზეთია.
ახლა დიდი მნიშვნელობა ექნება ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია როგორ განვითარდება. ამ განცხადებების საფუძველზე არ არის გამორიცხული, რომ კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება მოხდეს და ეს კიდევ ერთი ნაღმის აფეთქების საფუძველი გახდეს.
მართალია ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ პოზიციებს კარგავს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სიტუაცია არ შეიცვლება. ბოლო დღეების განმავლობაში ტრამპს არაერთმა დასავლელმა ლიდერმა მოუწოდა, რომ ამ განცხადების გაკეთებისგან თავი შეეკავებინა, მაგრამ მან ეს ნაბიჯი გადადგა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ ამას მწვავე რექცია მოჰყვება.
–საქართველომ ამ შემთხვევში რა პოზიცია უნდა დაიკავოს? ფაქტია, რომ სიტუაცია გართულდება. ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც თურქეთი, ასევე ამერიკა სტრატეგიული პარტნიორია…
-საქართველომ ახლა რაიმე კონკრეტული განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს. ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას. ერთადერთი, საქართველომ რაც უნდა თქვას, მან კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს მოსაზრება, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტის დარეგულირება დიალოგის და სამშვიდობო ფორმატში მოხდეს.
ამ საკითხთან მიმართებაში საქართველომ რაიმე ემოციური განცხადებები არ უნდა გააკეთოს. ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრია, თუმცა მუსლიმანური ქვეყნები და მათ შორის თურქეთი, ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამიტომ ყველა განცხადება საკმაოდ მოზომილი უნდა იყოს. ისრაელთან და ებრაელ ხალხთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა გვაკავშირებს და ამიტომ ყველა მიმართულებით კეთილგონიერება უნდა გამოვიჩინოთ.
ავტორი: ელზა პაპოშვილი