“მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია” – ასეთი განცხადება გააკეთა 51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორმა, იოსებ ხუციშვილმა.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები ძებნილი პირის დასაკავებლად.
„საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ დროისთვის, შსს-ს ინფორმეციით, მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის ორი მოსწავლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი ამ დრომდე მიმალვაშია. ამასთან დაკავებულია საქმესთან დაკავშირებული კიდევ 3 პირი.