24-28 ნოემბერს, აშშ-ს პირველად საქართველოს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წინამძღოლთა დელეგაცია ესტუმრა.
დელეგაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, საქართველოს საელჩომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოაქვეყნა.
“ვიზიტი ისტორიულად შეაფასეს თავად მონაწილეებმა, აღნიშნეს რა მსგავსი გამოცდილების, შეხედულებათა ურთიერთგაცვლის, პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის ნათლად ხილვისა და საკუთარი ქვეყნის მრავალრელიგიური ხანგრძლივი თანაარსებობის ამერიკელ პარტნიორებთან გაზიარების მნიშვნელობა,
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა აკადემიური, სახელმწიფო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, შერონ ჰადსონ დინთან; სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწესთან ევროპაში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და შრომის განხრით, ტომას მელიასთან; საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩთან რიჩარდ მაილსთან; საზღვაო ქვეითების მთავარ კაპელან, ვიცე-ადმირალ ბრენთ სკოტთან და სხვა წარმომადგენლებთან.
28 ნოემბერს, სასულიერო პირების ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენცია თემაზე: რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა. NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) მასპინძლობით მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობა მიიიღეს რელიგიურმა ლიდერებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
ვიზიტის ფარგლებში სასულიერო პირებმა მოინახულეს ვაშინგტონის ღირშესანიშნაობები, ეწვივნენ კაპიტოლიუმს, ვაშინგტონის მონუმენტს და ლინკოლნის მემორიალს. ვიზიტის დასასრულს კი საქართველოს საელჩომ დელეგაციის საპატივცემულო მიღებას უმასპინძლა.
ვიზიტი დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ორგანიზებით განხორციელდა. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED), საქართველოს საელჩო აშშ-ში, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.