იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კამათი გაიმართა. განსახილველი თემა ახმეტ ჩატაევი და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია იყო.
“ნაცმოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილი სხდომაზე ახმედ ჩატაევის პატიმრობიდან გამთავისუფლებლის ვინაობის დადგენის ინიციატივით გამოვიდა. ის შესაბამისი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და პარლამენტს შესთავაზა, გაერკვია, თუ ვინ და რატომ გაათავისუფლა ახმედ ჩატაევი ციხიდან. მის ამ განცხადებას ”ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან კამათი მოჰყვა. ეკა ბესელიამ სამადაშვილს მიმართა და როგორც წესი, ისევ “ნაცმოძრაობის” ხსენება დაიწყო. მისი თქმით, პასუხისმგებლობა პირველ რიგში იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა მოეკითხთა, ვისაც თავად სამადაშვილი წარმოადგენს.
“პირველ რიგში, სააკაშვილს ჰკითხეთ, რატომ ჩამოიყვანეს უკრაინიდან საქართველოში ახმედ ჩატაევი და რატომ გაათავისუფლეს ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან 2010 წელს, ამის შემდეგ გაჰყევით ლაფანყურის სპეცოპერაციას”, – ასეთი კომენტარი გააკეტა ეკა ბესელიამ და დაამატა, რომ რეგლამენტის დაუცველობის შემთხვევაში, შესაძლოა ვიღაცა დარბაზის მიღმაც აღმოჩენილიყო.
შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.