ნინო ლომჯარია ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა მაშინ, როცა ის იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, -ასე უპასუხა “მეტრონომს” ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ომბუდსმენის არჩევნებთან დაკავშირებით კითხვაზე, რატომ უჭერს მხარს ხელისუფლება ლომჯარიას კანდიდატურას, მაშინ, როდესაც ის მის მიმართ კრიტიკული განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა:
“ის დაინიშნა სწორედ ამ ხელისუფლების მიერ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე-იყო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. შესაბამისად, მას აქვს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამოცდილება, შეიძლება ითქვა, გარკვეული პერიოდი იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელი, სწორედ ამ ფაქტორებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ უმრავლესობა შეჯერდა მის კანდიდატურაზე.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიერ წარდგენილი ოთხი კანდიდატურიდან, ხელისუფლების მხრიდან არჩევანი ლომჯარიაზე შეჩერდებოდა.
“მეტრონომი”: შეიძლება თუ არა პარალელი გავალოთ თამარ ჩუგოშვილთან, რომელიც ასევე არასამთავრობო სექტორიდან მოდიოდა, ძალიან კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ, თუმცა დღეს მმართველი გუნდის წევრია?
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში ყველა ხელისუფლება, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ცდილობდა არასამთავრობო სექტორიდან ცნობილი სახეების მიმხრობას, რადგანაც, გარდა იმისა, რომ მათ გარკვეული კვალიფიკაცია აქვთ, ხელისუფლებას ეძლევა საშუალება რიგებში ჰყავდეს პოლიტიკური დივიდენდების მომტანი წევრები, სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის დასალაგებლად. ეს პროცესი დაიწყო ზურაბ ჟვანიამ, წარმატებით გააგრძელა მიხეილ სააკაშვილმა და როგორც ჩანს, ეს მიდგომა ამ ხელისუფლებისთვისაც მისაღებია. სხვა საკითხია, რომ ვიღაცასთან ახერხებენ თანამშრომლობას, ვიღაცასთან-ვერ.
“მეტრონომი”: რამდენად ლოიალური იქნება ნინო ლომჯარია, ომბუდმსენის რანგში, ხელისუფლების მიმართ?
ზაალ ანჯაფარიძე: ალბათ, ეს კითხვა ხელისუფლებამაც დაუსვა საკუთარ თავს და არჩევანიც პასუხის შესაბამისად შეაჩერა. ”
ომბუდსმენის მომავალ კანდიდატურებად პარლამენტში ორი უფლებადამცველი სახელდება – სოფო ხორგუანი და სოფო ჯაფარიძე. მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯდომარეს 4 კანდიდატურას სთავაზობს – ნინო ლომჯარია, ანა ნაცვლიშვილი, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
უმრავლესობამ შვიდ კანდიდატურაზე იმსჯელა, რომელთა შორისაც იყვნენ ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.
ნინო ლომჯარიას ბიოგრაფია შემდეგ მონაცემებს შეიცავს:
დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, სენტ-ლუისის(აშშ) ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა.
2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში; იყო ამ ორგანიზაციის საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი. ავტორია ათზე მეტი ანგარიშისა საარჩევნო, ანტიკორუფციული, კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე. არის არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასულებელი დირექტორი.
მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.