ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიმაჩნია, რომ ნინო ლომჯარია ძალიან კარგი სახალხო დამცველი იქნება”

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია უმრავლესობამ აირჩია და მას მოუწოდა, რომ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან გამართოს შეხვედრა.

“ნინო ლომჯარია შეირჩა არა 4 კანდიდატიდან, რომელიც იყო წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორის მიერ, არამედ იყო უმრავლესობის მიერ განხილული იყო 7 კანდიდატი და ამ 7 კანდიდატიდან იყო შერჩეული ნინო ლომჯარია.

პრინციპი არ იყო ის, რომ ჩვენ ე.წ. შორთლისთი მოგვაწოდა არასამთვრობო სექტორმა და ამ ე.წ. შორთლისთიდან ავარჩიეთ საუკეთესო კანდიდატი. პრინციპი იყო ის, რომ უმრავლესობამ განიხილა კანდიდატები, შეარჩია ის კანდიდატი, რომელიც წარადგინა თავისი პასუხისმგებლობით. შესაბამისად გასაუბრება ვერც 4 და ბუნებრივია ვერც 7 კანდიდატთან ვერ მოხდებოდა. ეს არის პოლიტიკური პროცესი და ძალიან კარგია, რომ დაემთხვა ერთმანეთს ჩვენი და სამოქალაქო სექტორის პოზიციები. ეს იყო რეალურად პროცესის შინაარსი, ეს არ იყო კონკურსი, სადაც შენ გაწვდიან ე.წ. შორთლისთს, საიდანაც შენ კონკურსის, გასაუბრების წესით ან სხვა რაიმე ფორმით არჩევ კანდიდატს. ეს იყო ლოგიკა ამ პროცესის უკან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ნინო ლომჯარიას „შეუტია“ და მის პიროვნებაზე ისაუბრა.

„კერძოდ ითქვა, რომ როდესაც ნინო ლომჯარია იყო გენერალური აუდიტორის მოადგილე, ის ხელისუფლებას არ აკრიტიკებდა.

იმისათვის, რომ ეჭვი შევიტანოთ ამ ლოგიკაში, უნდა წავიკითხოთ კანონი „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“, და უნდა გავეცნოთ გენერალური აუდიტორის მოადგილის სტატუსსა და უფლებამოსილებას. იქ მივხვდებით რატომ არ აკრიტიკებდა გენერალური აუდიტის მოადგილე ხელისუფლებას. ნინო ლომჯარია უსამართლოდ გააკრიტიკეს და ეს არ არის კარგი დასაწყისი ბუნებრივია მომავალი სახალხო დამცველის კარიერის დაწყებისათვის.

ნინო ლომჯარია იყო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე, ის არ იყო პარლამენტის მიერ არჩეული, ის იყო დანიშნული იმ გენერალური აუდიტორის მიერ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა არა წინა, არამედ იმის წინა პარლამენტმა. არც საპარლამენტო უმრავლესობასთან, არც არსებულ ხელისუფლებასთან, არანაირი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირი რეალურად არ არსებობდა.

მიმაჩნია, რომ ნინო ლომჯარია იქნება ძალიან კარგი სახალხო დამცველი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....