თბილისის მერია 2018 წელს გუდიაშვილის მოედნის აღდგენაზე 20 მილიონ ლარს, ორბელიანის მოედნის აღდგენისთვის კი 16 მილიონ ლარს დახარჯავს. 2018 წელს თბილისის 60 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტიდან 24 მილიონი 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და მეტროს ოთხი შემადგენლობისთვის იქნება გამოყოფილი.
პროექტების შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
“პირველ რიგში, ეს იქნება მეტროსადგურების რეაბილიტაცია და მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია. აგრეთვე ახალი შემადგენლობების დამატება. ანუ პრაქტიკულად ოთხი შემადგენლობით მეტი ივლის მეტროში. ორი დიდ ხაზზე და ორი პატარა ხაზზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოლოდინის დრო შევამციროთ სადგურებში და მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი გავზარდოთ. უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 10-მდე სადგურს ჩაუტარდება სრული მოდერნიზება-რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით დედაქალაქი დამატებით 60 მილიონ ლარს მიიღებს.კახა კალაძის თქმით, მთლიანობაში თბილისის ბიუჯეტი 2018 წელს 880 მილიონ ლარამდე იქნება.